სომხეთი “ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტს მასპინძლობს.
რიგით მერვე სამიტი 4 მაისს სლოგანით — „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ გაიმართება.
ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ერთობლივი დეკლარაციისა და სხვა ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერით დასრულდება.
- ერევანში 3 მაისს ჩავიდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი, ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი კაია კალასი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაკუტი, მონაკოს პრინცი ალბერ II, საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი, ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი ჩავიდა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ანდორის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ესპოტ სამორა, მონტენეგროს პრეზიდენტი იაკობ მილატოვიჩი, ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ.
დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა სომხეთის პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 5 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი შედგება.
ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართება, რასაც ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა მოჰყვება. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ფაშინიანის თქმით, 5 მაისს ასევე გაიმართება სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი.
„ხვალ ევროპა სომხეთში შეიკრიბება ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტზე. კონტინენტის ლიდერები, მათ შორის, კანადა, განიხილავენ, თუ როგორ ითანამშრომლონ უსაფრთხოებისა და კოლექტიური მდგრადობის გასაძლიერებლად. სამშაბათს ჩვენ ჩავატარებთ სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს, რომელიც გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ხელშესახები შეგედების მიღწევის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა თავის მხრივ, ანტონიუ კოშტამ.
სომხეთში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერევანში ვიზიტის დროს მან ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის, უკრაინის ევროპული ინტეგრაცია.
„მადლობა გადავუხადე მას ფინეთის მიერ უკრაინისთვის თავდაცვის მხარდაჭერის დამატებით 300 მილიონი დოლარის გამოყოფის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ამას და განვიხილეთ ჩვენი თავდაცვის პრიორიტეტული სფეროები - პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვა, რომლის გაძლიერებაც სწორედ ამ პაკეტით შეიძლება. მე შევთავაზე პრემიერ-მინისტრს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა დრონების შეთანხმების ფორმატში ხელმოწერით.
უკრაინა მზადაა, გააზიაროს თავისი გამოცდილება და გააძლიეროს ისინი, ვინც სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე გვაძლიერებდა. ჩვენ ასევე ცალკე შევეხეთ საერთაშორისო ძალისხმევას, კერძოდ, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ახლა არის კარგი შესაძლებლობა მოლაპარაკებების გასახსნელად და უკრაინა ამას სრულად იმსახურებს. მადლობა ფინეთს მხარდაჭერისთვის!“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ შტორესთან განიხილა დრონების შესახებ შეთანხმება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მადლობა გადაუხადა სტორეს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, კერძოდ, PURL პროგრამაში თითქმის ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებისთვის.
„რუსეთი აგრძელებს ბალისტიკური რაკეტებით დარტყმებს, ამიტომ PURL-ის დროული დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა - დრონების შესახებ შეთანხმება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მცდელობები, ასევე, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის საკითხზე. მე მას ვაცნობე ჩვენი საჭიროებების შესახებ, კერძოდ — ბუნებრივი აირის საკითხზე მომავალი ზამთრისთვის. უკრაინა სრულად მომზადებული უნდა იყოს,“ - წერს ზელენსკი.
სომხეთის რესპუბლიკას ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად იმართება. ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
რაც შეეხება სამიტს, ევროპული საბჭოს განცხადებით, გეოპოლიტოკური ტრანსფორმაციის ხანაში, ლიდერები იმსჯელებენ, როგორ ითანამშრომლონ უფრო მჭიდროდ და იმოქმედონ კოორდინირებულად დემოკრატიული მედეგობის განსამტკიცებლად, დაკავშირებადობის განსავითარებლად და ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.“